horsetours

ბლოგი

Sample image
ტურების გამოცდილება  - 2022-04-19
ორი მთიანი რეგიონის დამაკავშირებელი მარშრუტი

საქართველოში ჩვენი მოგზაურობის მიზანი 2 გამორჩეული მთიანი რეგიონის ხევსურეთისა და თუშეთის ულამაზესი ეროვნული პარკების, ხელუხლებელი ბუნებისა და უნიკალური კულტურის გაცნობაა.

დილის 9 საათზე თბილისიდან შატილის მიმართულებით წავედით. 3:30 საათში შატილში ჩავედით, სადაც შევხდით ჩვენს გიდსა და ცხენებს, რომელთან ერთადაც შემდეგი 4 დღის განმავლობაში უნდა ვიმგზავროთ. 
გიდმა მარშრუტი და მოსალოდნელი საკითხები გაგვაცნო, ცხენები ჩვენი შესაძლებლოების და გამოცდილების შესაბამისად შეგვირჩია და სოფლის უნიკალური არქიტექტურისა და კოშკების დასათვალიერებლად წავედით.
საღამოს 7 საათზე ვივახშმეთ და უძველეს კოშკში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით.
მეორე დილით 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენები შევკაზმეთ, ჩვენს მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობეთ და სოფელ მუცოსკენ გავემგზავრეთ. გზად ანატორთან შევჩერდით და მის ტრაგიკულ ისტორიას გავეცანით, რომელიც XVIII საუკუნეში შავი ჭირის შედეგად განადგურდა.
ანატორიდან გზა მდინარის ნაპირს მიუყვება და გზად პატარ-პატარა დასახლებები გვხვდებოდა, სადაც ხალხი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს და მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანი შეგვხვდა.


მალე მუცოსთან მივედით, რომელიც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ცხენები დავტოვეთ და სოფლის დასათვალიერებლად ფეხით ავიარეთ 200 მეტრის სიმაღლის აღმართი.
მუცოს შემდეგ კიდევ ერთი სოფელი ხონისჭალა გავიარეთ და მთაზე ასვლა დავიწყეთ ვიწრო ბილიკით, რომელიც ტყიან ფერდობს მიუყვება. კიდევ 2 საათი და ხიდოტანზე ავედით, სადაც კარვები გავშალეთ და დავბანაკდით.
მესამე დღეს დილის 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და მთის ქედს გავუყევით. ნახევარი საათის შემდეგ დიდ მინდორზე გავედით, რომელიც მთის ქედზე მდებარეობს და ორივე მხარეს ვიწრო ხეობებს გადაჰყურებს, საიდანაც ყოველთვის ცივი ნიავი უბერავს. მინდორზე ცხენების გაჭენებაში ერთმანეთს შევეჯიბრეთ. შემდეგ ბილიკი მთის ფერდობს გაუყვა და უღელტეხილის ძირში მივედით, სადაც შევისვენეთ, წყალი დავლიეთ და ცხენები მოვაძოვეთ.
40 წუთის შსემდეგ აწუნთის უღელტეხილზე (3500მ) ავედით, რომელიც 2 მთიან რეგიონს ხევსურეთსა და თუშეთს აკავშირებს ერთმანეთთან. უღელტეხილიდან ულამაზესი ხედები გადაიშალა ორივე მხარეს. სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ დაშვება დავიწყეთ და 3 საათის შემდეგ მივედით საბანაკე ადგილზე.
მეოთხე დღეს ისევ 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და მგზავრობა დავიწყეთ. ბილიკი უმეტესად მთის ფერდობს მიუყვება და ვიწრო ხეობაში მიდის თუშეთის სოფლებისაკენ. გზად მწყემსებიც შეგვხვდნენ, რომლებსაც ზაფხულის საძოვრებზე ჰყავდათ ცხვარი ამორეკილი და თუშური გუდის ყველს ამზადებდნენ. ორი საათის შემდეგ უძველესი ნასოფლარი ჭონთიო გავიარეთ და სოფელ გირევში ჩავედით, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან საშვის შესამოწმებლად გავჩერდით. გირევიდან უკვე საავტომობილო გზით ჩავედით სოფელ ჭეშოში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით.
მეხუთე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და სოფელ დართლოსკენ გავემგზავრეთ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია და სადაც XII საუკუნით დათარიღებული უძველესი სასამართლო მდებარეობს. დართლო ასევე გამორჩეულია სახლის კედლებზე ამოტვიფრული პეტროგლიფებით.
დართლოდან გზა სოფელ ჩიღოსკენ გავაგრძელეთ. ჩიღოდან კი სანარის უღელტეხილით (2500 მ) დიკლოში გადავედით და საღამოს 5 საათზე სოფელ შენაქოში მივედით, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროში გავჩერდით.
მეექვსე დღეს 8 საათზე ვისაუზმეთ, ცხენებს დავემშვიდობეთ და ავტომობილით თბილისისკენ გავემგზავრეთ.

ტოპ სტატიები

ბლოგი

ტოპ სტატიები